დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის თქმით, დღეს გარდაცვლილი 14 ადამიანიდან ერთ-ერთი 30 წლამდე პაციენტი იყო.
"კოვიდინფიცირებული პაციენტის გარდაცვალება ძირითადად ხანდაზმულ ასაკში ფიქსირდება, თუმცა დღეს, სამწუხაროდ, ერთი გარდაცვალება გვაქვს ახალგაზრდა ასაკის. პაციენტი იყო 30 წლამდე.
ვერ გეტყვით გარდაცვალების მიზეზს იმიტომ, რომ მიმდინარეობს ამ შემთხვევის კლინიკური გარჩევა. სიკვდილიანობის მიზეზის დადგენა ხდება კლინიცისტების მიერ და ეს ღია ეთერში გასარჩევი საკითხი არ არის. მხოლოდ და მხოლოდ სტატისტიკური კუთხით ვიძლევით ინფორმაციას. დამატებითი ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ ჩვენს საინფორმაციო ბიულეტენში, რომელიც ორ თვეში ერთხელ გამოიცემა", - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.
შეგახსენებთ, რომ დღეს საქართველოში კორონავირუსით კიდევ 14 ადამიანი გარდაიცვალა. ინფიცირების შედეგად, სულ გარდაცვლილია 172 ადამიანი.
დღეს საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 1 351 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ჯამში, ამ დროისთვის კორონავირუსის 21 208 შემთხვევაა დადასტურებული, მათგან 9 003 ადამიანი გამოჯანმრთელდა.